xSirad dasmuli kiTxvebi
sasargeblo bmulebi
xSirad dasmuli kiTxvebi
შესაძლებელია თუ არა განქორწინება სასამართლოს გარეშე?
სასამართლოს გარეშე განქორწინებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სამოქალაქო რეესტრი) ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ორივე მეუღლე თანახმაა განქორწინებაზე. ხოლო, მეუღლეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში, განქორწინების საქმეს ერთ-ერთი მეუღლის სარჩელის საფუძველზე იხილავს სასამართლო.
8 წელია ვიმყოფები რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების დღიდან ვცხოვრობთ მეუღლის მშობლების საკუთრებაში არსებულ ბინაში. განქორწინების შემთხვევაში, მაქვს თუ არა უფლება მოვითხოვო ამ ბინიდან ჩემი წილი?
მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის კანონით დადგენილი წესი ვრცელდება მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა (თუნდაც ერთ-ერთის) მიერ შეძენილი ქონებაზე (გარდა ჩუქებით და მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა). შესაბამისად, მეუღლის მშობლების საკუთრებაში არსებულ ქონებიდან თქვენ ვერ მოითხოვთ წილს აღნიშნული საფუძვლით.
განქორწინების შემთხვევაში აქვს თუ არა დედას უპირატესობა, რომ ბავშვი მასთან დარჩეს საცხოვრებლად?
არსებული კანონმდებლობის თანახმად, არც ერთ მშობელს არა აქვს უპირობო უპირატესობა მეორე მშობელთან შედარებით, რომ განქორწინების შემდეგ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნულ საკითხზე მშობლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას გადაწყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
გაქირავებული მაქვს საცხოვრებელი ბინა. დამქირავებელთან გავაფორმე ქირავნობის ხელშეკრულება 1 წლის ვადით. რამდენიმე თვეა დამქირავებელი აღარ მიხდის ბინის ქირას, მინდა ხელშეკრულება შევწყვიტო და სხვას მივაქირავო, მაქვს თუ არა ამის უფლება?
სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში. ამ პუნქტის შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ მოშალოთ არსებული ქირავნობის ხელშეკრულება.
გარდამეცვალა მეუღლე, რომელთანაც წლების განმავლობაში ვიმყოფებოდი რეგისტრირებულ ქორწინებაში და ამ ქორწინებიდან გვყავს ერთი ვაჟი. გარდაცვალების შემდგომ აღმოჩნდა, რომ ჩემმა მეუღლემ მის საკუთრებაში არსებული ბინა ანდერძით სრულად დაუტოვა თავის მეორე ვაჟს (მეორე ქორწინებიდან). აქვს თუ არა ჩემს შვილს რაიმე უფლება, რომ მოითხოვოს წილი მამის ქონებიდან?
ანდერძის შინაარსის მიუხედავად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს სამკვიდრო ქონებიდან ეკუთვნით სავლადებულო წილი. სავალდებულო წილის სახით შვილს შეუძლია მიიღოს მამის ქონებიდან იმის ნახევარი, რასაც მიიღებდა ანდერძის არარსებობის შემთხვევაში, კანონით მემკვიდრეობის დროს.
რამდენიმე წლის წინ დედაჩემმა დაწერა ანდერძი, რომლის შეცვლაც სურს. შესაძლებელია თუ არა ანდერძის შეცვლა ან გაუქმება?
სამოქალაქო კოდექსის 1398-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს ანდერძის შეცვლის საშუალებებს, რომლის თანახმად მოანდერძეს ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი: ახალი ანდერძის შედგენით, სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით ან ანდერძის ყველა ეგზემპლარის განადგურებით (მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ მოანდერძის განკარგულებით).
ნათესავს ერთი წლით მივეცი სესხი, ისე, რომ არანაირი დოკუმენტი არ გამიფორმებია. უკვე გავიდა 3 წელი და ნათესავი უარს ამბობს სესხის დაბრუნებაზე. შემიძლია თუ არა მივმათო სასამართლოს ამ თანხის დასაბრუნებლად.
სამწუხაროდ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ფორმით სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. შესაბამისად, თქვენ დაგჭირდებათ მტკიცების სხვა საშუალებები სესხის მიცემის დასტურად, თუნდაც მსესხებლის ხელნაწერი დასტური, თანხის მიღებაზე.
ჩემი საცხოვრებელი ბინის გასარემონტებლად გავაფორმე ხელშეკრულება ერთ-ერთ კომპანიასთან. აღნიშნულმა კომპანიას დაასრულა რემონტი 3 თვის წინ, თუმცა რემონტის დასრულებისთანავე გამოვლინდა უამრავი ნაკლი, მათ შორის წყალგაყვანილობის სისტემის დაზიანება, რის გამოც ზიანი მომადგა მეც და ჩემს მეზობელსაც. რამდენჯერმე მივმართე კომპანიას, რომ გამოესწორებინა ნაკლი, მაგრამ ისინი უარს ამბობენ საკუთარი ხარჯებით ნაკლის გამოსწორებაზე. როგორ შემიძლია მოვიქცე ასეთ შემთხვევაში.
ვინაიდან თქვენი კონტრაქტორი აყოვნებ ნაკლის გამოსწორებას, თქვენ შეგიძლიათ საკუთრი ხარჯებით აღმოფხვრათ ნაკლი და შემდეგ მიმართოთ სასამართლოს, როგორც ნაკლის გამოსწორებისთვის გაწეული ხარჯების ასევე ამ ნაკლის გამო დამდგარი სხვა ზიანის ასანაზღაურებლად.
სესხის ასაღებად თავდებად დავუდექი ჩემს მეგობარს ბანკის წინაშე. რამდენიმე დღის წინ მივიღე ბანკისგან წერილი, რომლითაც ითხოვდა ვადამოსული სესხის დაფარვას და ამისთვის მომეცა 2 კვირიანი ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებოდა აღსრულება ჩემს ქონებაზე. როგორც გავარკვიე, ჩემი მეგობრისთვის ბანკს არ მიუმართავს ასეთი მოთხოვნით. მაინტერესებს, აქვს თუ არა ბანკს უფლება, რომ მე მომთხოვოს სესხის დაბრუნება, როცა ჩემს მეგობარს (რომელიც უშუალო მოვალეა) არ სთოვს იგივეს.
ჩვეულებრივ, თავდებობის დროს კრედიტორი ვალდებულია ჯერ უშუალო მოვალეს მოსთხოვოს ვალის დაბრუნება და მის მიმართ შეეცადოს იძულებით აღსრულებას. თუმცა, ჩვენი კანონმდებლობა იცნობს ასევე სოლიდარული თავდებობის ცნებასაც, რომლის დროსაც კრედიტორს შეუძლია თავისი მოთხოვნა წაუყენოს თავდებს ისე, რომ არ ეცადოს მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. თუ თქვენ ამ უკანაკნელი ტიპის თავდებობა გაქვთ გაფორმებული, მაშინ ბაკის მოქმედება კანონიერია.
ჩემს შვილს, რომელთანაც კონფლიქტი მქონდა, ვაჩუქე ჩემი საცხოვრებელი ბინის ნახევარი და მეგონა შემოვირიგე. ჩუქების გაფორმების მეორე დღიდანვე ისევ დაიწყო კონფლიქტები და ჩემი შეურაცხმყოფა, აღნიშნავდა რომ მომატყუა და მას მხოლოდ ქონება აინტერესებს, მიმართა პოლიციას და მაბრალებს, თითქოს მის მოკვლას ვაპირებ. მაინტერესებს, თუ შემიძლია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება?
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ: ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. აღნიშნული საფუძვლით თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.